2023 წლის 5 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ედმონდო ჩირიელისთან, რომელიც საქართველოში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის ფარგლებში იმყოფებოდა.
შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო კავშირებს. საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველო და იტალია ერთმანეთის სანდო პარტნიორები არიან და გამოითქვა მზადყოფნა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადასაყვანად. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის გააქტიურება. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველო-იტალიის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების დიდ პოტენციალზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იტალიელ დიპლომატს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ქვეყანა იჩენს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით. თავის მხრივ, ედმონდო ჩირიელიმ განაცხადა, რომ იტალია საქართველოს ევროპის ნაწილად განიხილავს და კვლავაც განაგრძობს მის გვერდით დგომას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზეც. იტალიელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.