2025 წლის 11 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში და სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
გამოსვლის დასაწყისში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის მნიშვნელობაზე.
„ოცდაათი წელი გავიდა პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის მიღებიდან, რომელიც მართლაც რომ გარდამტეხ მოვლენას წარმოადგენს და ქმნის საფუძველს ქალებისა და გოგონების უფლებათა რეალიზებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საკუთარ გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზეც
და აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით მდგომარეობა შემაშფოთებელია. ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების არარსებობა. თუმცა, თავის მხრივ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საქართველო აგრძელებს კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა უფლებების ხელშეწყობას.
კონფლიქტები კვლავ ახდენს ზემოქმედებას ქალებსა და გოგონებზე, რომლებსაც ხშირად უწევთ ძალადობასთან, იძულებითი გადაადგილებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავება.
"გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ სწრაფვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.
სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანა არ არის დაცული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისგან.
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები ადასტურებს, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ინარჩუნებს ეფექტურ კონტროლს ადგილზე, სადაც, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის პირობებში, სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია.
აქვე, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება და შესაბამის ფორმატებში ქალთა სრულფასოვანი მონაწილეობა. გარდა ამისა, საქართველო 2012 წლიდან რეგულარულად ამტკიცებს ეროვნულ სამოქმედო გეგმებს (NAP)" - განაცხადა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზეც და ამ კონტექსტში აღნიშნა ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. მისივე თქმით, ბოლო წლების მანძილზე საქართველო მოწინავე სახელმწიფოა ბიზნესის კეთების, მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. გარდა ამისა, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მეტად თანაბარი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ.
„გვჯერა, რომ ძლიერი და განათლებული ქალები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა, უნარები და თავდაჯერება, ხელს უწყობენ ოჯახების კეთილდღეობას და მომავალ თაობას უკეთეს პერსპექტივას სთავაზობენ“, - განაცხადა მინისტრმა.
ეროვნულ დონეზე განხორციელებულ უახლეს აქტივობებზე საუბრისას მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: საქართველოს მთავრობის მხრიდან ქალ მეწარმეთა მხარდაჭერა, ქალებისთვის უზრუნველყოფილი მუდმივი ხელმისაწვდომობა ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე და სხვ.
დასასრულს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კვლავ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა თავისი წვლილი შეიტანოს გლობალურ ძალისხმევაში, რომელიც ქალთა და გოგონათა უფლებების კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობისკენაა მიმართული, ასევე ისაუბრა პეკინის დეკლარაციის შესრულების შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილ ანგარიშზე, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველო ერთგულად ასრულებს დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს.