Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და  სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის  პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2026 წლის 17 სექტემბერს, ქ. თბილისში, საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. 

საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, ხოლო სერბეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დამიან იოვიჩი.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა და აღნიშნეს ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. შეხვედრაზე მიმოიხილეს დარგობრივი მიმართულებები. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, ასევე, ხალხთაშორისი კავშირების განვითარების პერსპექტივებს.

ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რაც ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის საფუძველს წარმოადგენს.

გიორგი ზურაბაშვილმა და დამიან იოვიჩმა გაცვალეს ინფორმაცია ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებზე.  

მინისტრის პირველმა მოადგილემ სერბეთის მხარეს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ. კიდევ ერთხელ დადასტურდა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, გაიცვალა მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.

მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზაობა, განაგრძონ რეგულარული კომუნიკაცია.

დანართები

    მსგავსი სიახლეები