2026 წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, მონაწილეობა მიიღო კასპიის მე-7 ბიზნეს ფორუმში.
პანელურ დისკუსიაზე - „ინვესტირება შუა დერეფანში: რას ნიშნავს ახალი TRIPP-ის („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ“) დერეფანი რეგიონისთვის“ — ლაშა დარსალიამ ისაუბრა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე დაკავშირებადობის თვალსაზრისით და საქართველოს როლზე შუა დერეფნის განვითარების პროცესში. მან ყურადღება გაამახვილა პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულ რეალიზებასა და საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას. ამ კონტექსტში, აღინიშნა რკინიგზის მოდერნიზაციის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ასევე ბაქო–თბილისი–ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების მნიშვნელობა.
ლაშა დარსალიამ ასევე ისაუბრა ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებზე, რამაც შექმნა ღია, კონკურენტული და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემო.
საუბრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონული დაკავშირებადობის განვითარების მნიშვნელობას.