სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, 2023 წლის 28 აპრილს, საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. 26-28 აპრილს, რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე ეწვევა აზერბაიჯანს და სომხეთს.