საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროპის სახელმწიფოებთან საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების ხელშეწყობა, სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ორმხრივი ურთიერთობების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და დადგენილი წესით წარადგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები ევროპის სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებისა და განხორციელების შესახებ;
დ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკებებში, ასევე დადგენილი წესით წარუდგინოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობას ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ უწყებებთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკება ევროპის სახელმწიფოებთან;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ სამინისტროს ხელმძღვანელობის ინსტრუქციების ოპერატიულ შესრულებას;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს წინადადებები, რეკომენდაციები და დასკვნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დასანიშნი პირების თაობაზე;
თ) სუამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობისა და თანამშრომლობის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია.