აღნიშნული ეტაპი წარმოადგენდა კანდიდატების განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობდა საგრანტო პროგრამით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენას და ამისათვის პროგრამით განსაზღვრული ვადების დაცვას.
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ახალგაზრდობის სააგენტოს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა საორგანიზაციო ხასიათის საკითხი და შეთანხმდნენ კონკურსანტებთან გასაუბრების გრაფიკზე, ასევე გამოთქვეს მოსაზრებები კრიტერიუმებზე, რომლებსაც ისინი მიანიჭებენ კანდიდატების შერჩევის დროს. კერძოდ, მათ მოტივაციას, დიასპორული აქტივობების გამოცდილებას, ინფორმირებულობას პროგრამების, საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით გამოვლინდა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, რაც გულისხმობს კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას, გადასულ განმცხადებელთა ვინაობა, რომლის შესახებ წერილობით ეცნობება საგრანტო კონკურსებში მონაწილე ყველა პირს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით 2018 წლიდან ხორციელდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ლეგალურად იმყოფებიან საზღვარგარეთ. 2024 წლის კონკურსის შედეგად "ახალგაზრდა ელჩების" მეხუთე ნაკადის შერჩევა განხორციელდება. ხსენებული პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისა და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება. საგრანტო პროგრამის ფარგლებში, შემდეგ ეტაპზე შერჩეული გამარჯვებულები, 2024 წლის წლის 31 დეკემბრამდე განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას ქვეყნის განვითარების საქმეში, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად.