Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების რიგით მე-10 პოლიტიკური კონსულტაციები

2023 წლის 5 დეკემბერს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა რიგით მე-10 პოლიტიკური კონსულტაციები მინისტრის მოადგილეების დონეზე.

ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, უზბეკურს - მინისტრის მოადგილე, ბობურ უსმანოვი. კონსულტაციებისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის თემები, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებები, ასევე ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო ბრუნვაში შეინიშნებოდა ზრდა; ასევე გაიზარდა უზბეკეთიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა. მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სატრანზიტო გადაზიდვების საკითხში. ამ კუთხით, უზბეკური მხარე დაინტერესებულია საქართველოს პოტენციალის სრულად გამოყენებაში. განსაკუთრებით გაესვა ხაზი წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სადაც ორმხრივად ფიქსირდება სრული მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხზე. საუბრისას აღინიშნა კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაც. ზემოაღნიშნულთან ერთად, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების გარემოზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, უზბეკ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. თავის მხრივ, უზბეკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბობურ უსმანოვმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ  2024 წელს პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი ქ. ტაშკენტში გაიმართება. კონსულტაციების ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრები საქართველოს პარლამენტსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, სადაც უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბობურ უსმანოვი  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძეს შეხვდა

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები