საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, სიტყვით გამოვიდა ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის (UN DESA ) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე - ‘High Impact Initiative (HII) on ‘FutureGov – Building Public Sector Capabilities for the Future.
ლაშა დარსალიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ეროვნულ დონეზე საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ამ მიმართულებით საქართველოს კარგი პრაქტიკა და წარმატებული გამოცდილება.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, წლების განმავლობაში საქართველო გარდაიქმნა პროგრესულ და მოწინავე სახელმწიფოდ, რომელიც ერთგულია გაეროს წესდებითა და 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებული პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ.
მისი თქმით, საქართველომ საჯარო მმართველობის სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. მათ შორის, აღინიშნა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმა (PAR) - რომელიც გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური საჯარო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
რეფორმის ფარგლებში, 2015 წლიდან, საქართველოში დაინერგა მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებმაც არა მხოლოდ გაზარდა საჯარო ადმინისტრაციის ეფექტურობა, არამედ დააჩქარა ქვეყნის წინსვლა და განვითარება.
ლაშა დარსალიამ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა UNDP-ს და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, ისევე როგორც ევროკავშირს - საქართველოში საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) უზრუნველყოფის მხარდაჭერისთვის.