ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს, შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და ქვეყნის მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წარმატებით გატარებულ რეფორმებს.
ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციაზე. საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობას და ამ მხრივ საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოებს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშს, რომელიც აღწერს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა და პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული ევროპული ინსტიტუციების მიერ და აისახება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, მათ შორის, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში.