2025 წლის 26-30 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საბერძნეთში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, თესალონიკის ქართული სამრევლოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ქ. თესალონიკისა და ქ. დრამის ქართულ დიასპორასთან.
შეხვედრაზე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა, რომელიც მიმართულია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გაძლიერებისკენ, მათ შორის აღინიშნა დიასპორის მხარდამჭერი პროგრამებისა და პროექტების განხორციელების მნიშვნელობა, ასევე ყურადღება გამახვილდა მთავარ მიზნებსა და სამომავლო ამოცანებზე.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ დიასპორის წარმომადგენლებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ყურადღება გაამახვილა ქართულ სახელმწიფოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კომუნიკაციის აუცილებლობაზე.
შეხვედრები ასევე გაიმართა ათონის წმინდა მთის ქსენოფონტეს მონასტრის, ივერონის მონასტრის, ვატოპედის წმინდა მონასტრის წინამძღვრებთან და ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ სასულიერო პირებთან. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე ორი ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ დელეგაციის წევრებს აგრეთვე საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ივერონის მონასტრის მუზეუმი, სადაც დაცულია თორნიკე ერისთავის აბჯარი, ოპიზის ოთხთავი და სხვა უნიკალური ქართული ხელნაწერები.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, დიასპორის კომიტეტის წევრი, ნოდარ ტურძელაძე, თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო აკადემიის პროფესორი, გიორგი ანდრიაძე.