2023 წლის 17 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის უკანონო ქმედებების შედეგად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ვითარება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით; ასევე ღრმა შეშფოთება გამოხატეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგია და კიდევ ერთხელ მოწმობს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.
მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობასა და ამ პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე. საუბრისას აღინიშნა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღდგენის აუცილებლობა; ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლსა და მნიშვნელობას რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის მონიტორინგისა და ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში. ქართულმა მხარემ მადლიერებით აღნიშნა მისიის მიერ გაწეული ძალისხმევა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.