Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისაშვილმა ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 30 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ ალექსანდრე ხვთისაშვილმა მონაწილეობა მიიღო ისრაელის საელჩოს  მიერ ორგანიზებულ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მინისტრის მოადგილემ ებრაელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე  მიულოცა და კეთილდღეობა და წარმატება უსურვა.

ალექსანდრე ხვთისაშვილმა ისაუბრა  ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და თანამშრომლობაზე.

„დღეს, ყველა ქართველი ამაყობს იმით, რომ ქართველ და ებრაელ ხალხებს საქართველოში კეთილმეზობლური თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნიათ, ვამაყობთ იმით, რომ საქართველოსთვის ანტისემიტიზმი არასოდეს ყოფილა გამოწვევა და ჩვენი ქვეყანა არ იცნობს სიძულვილის, შეუწყნარებლობის  ან დისკრიმინაციის გამოხატულების მაგალითებს. ამავე დროს მადლობელი ვართ ყველა იმ სიკეთისთვის, რაც ერთად ცხოვრების საუკუნეების განმავლობაში ებრაელმა ხალხმა საქართველოს მოუტანა“.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის საუკუნოვანი მეგობრობა დღეს დადებითად აისახება სახელმწიფოებს შორის პარტნიორობაზე. მისი თქმით,  საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, რომ კიდევ უფრო განამტკიცოს ეს კავშირები და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, ბოლო ორის წლის განმავლობაში, საქართველოს პრემიერ- მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ განხორციელებული ოფიციალური ვიზიტები ისრაელში.  

ალექსანდრე ხვთისაშვილმა ხაზი გაუსვა, ორი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ნაყოფიერად თანამშრომლობენ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. აქტიურად მუშაობს ორმხრივი საპარლამენტო დიპლომატია და ამ მხრივ აღსანიშნავია ისრაელისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებში ჩამოყალიბებული მეგობრობის ჯგუფები.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკაზე ტურიზმის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და კულტურის სფეროებში.  

“საქართველოს ხელისუფლებამ ებრაელი ხალხის ისტორიის შესწავლის მიზნით, ჰოლოკოსტის შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყო ხელი და საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში ჰოლოკოსტის შესახებ სწავლებას ჩაუყარა საფუძველი”- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები