საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიმდინარე წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რომელმაც გამოიწვია ათასობით ადამიანის ტრაგიკული დაღუპვა, მასშტაბური ნგრევა და მძიმე ზარალი მიაყენა მთელ რიგ ქალაქებსა და სოფლებს.
საქართველო გულწრფელად თანაუგრძნობს თურქეთს დიდი მსხვერპლისა და მასშტაბური ზიანის გამო და უცხადებს სოლიდარობას ყველას, ვისაც შეეხო ეს ტრაგიკული მოვლენა. საქართველომ თურქეთში უკვე გააგზავნა მაშველები და შესაბამისი ტექნიკა სამაშველო ღონისძიებაში ჩასართავად. საგარეო საქმეთა სამინისტრო რჩება მუდმივ კავშირზე თურქეთის შესაბამის სამსახურებთან და გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას.
ამ ძალიან რთულ დროს საქართველო და ქართველი ხალხი დგას თურქეთის მთავრობასა და ხალხთან ერთად.